ქარიშხალი „ჰელენი“
ქარიშხლისშემდგომი აღდგენითი სამუშაოები უცხო ადამიანებს გმირებად აქცევს
ოლდ‑ფორტი პატარა და მშვიდი ქალაქია ჩრდილოეთ კაროლინაში. ის ცისფერი ქედის ძირშია გაშენებული. ჩვეულებრივ დღეებში აქ შესაძლებელია, დატკბეთ გადახურული ხიდებით, რომელთა ქვემოთაც პატარა მდინარე მოჩქრიალებს. აქვეა პისგის ეროვნული ტყე, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ მათ, ვისაც ველოსიპედებით სეირნობა ან ლაშქრობა უყვარს.
„თუ დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობ, მაღაზიაშიც კი ვერ გახვალ ისე, რომ მინიმუმ 20 ნაცნობი არ შეგხვდეს“, — ამბობს ადგილობრივი მცხოვრებელი მელისა, რომელიც ქალაქში თითქმის ყველას იცნობს.
მელისამ მის მიერ Airbnb‑ზე განთავსებული სამივე საცხოვრებელი დაუთმო უფასოდ მოხალისეებსა და იძულებით გადაადგილებულ ადგილობრივებს.
2024 წლის 26 სექტემბერს, როცა ქარიშხალი „ჰელენი“ მძვინვარებდა, ქალაქში მოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელმაც სამ დღეში 40 სანტიმეტრზე მაღალი ნალექი დატოვა. შედეგად, მშვიდი ღელეები გადაიქცა მჩქეფარე მდინარეებად, რომლებმაც წალეკეს სახლები და ამოძირკვეს მრავალსაუკუნოვანი ხეები. მთების კალთებიდან ჩამოვიდა ღვარცოფი, რომელმაც დაფარა ავტომობილები, გაანადგურა ელექტროგადამცემი ხაზები, წააქცია მობილური კავშირის ანტენები და მთელი უბნები მოწყვიტა ერთმანეთს.

ქარიშხლებმა „ჰელენმა“ და „მილტონმა“ 73 000‑ზე მეტი საცხოვრებელი დააზიანა ჩრდილოეთ კაროლინას დასავლეთში.
„რთულია, აღწერო, რას გრძნობს ადამიანი, როცა ყველას ცხოვრება ერთ წამში იცვლება“, — ამბობს მელისა.
ოლდ‑ფორტში, რომელშიც ადამიანებს ტრადიციულად უყვართ ერთმანეთის დახმარება, მცხოვრებლები მყისიერად შეუდგნენ საქმეს. „აქ ყველას ჰყავს ყველგანმავალი ან ფურგონი, ამიტომ ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, როცა ადამიანებმა მოიმარჯვეს ბენზოხერხები თუ სხვა ხელსაწყოები და შეუდგნენ ნანგრევების გასუფთავებას“, — ჰყვება მელისა. მელისა უკვე რვა წელია, რაც Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლობს. Airbnb‑ზე მას სამი ახლომდებარე ობიექტი აქვს განთავსებული, რომელთაც არა მხოლოდ ფლობს, არამედ მართავს კიდეც: ერთი ოლდ‑ფორტში მდებარეობს, მეორე — აშვილში, მესამე კი — ბლეკ‑მაუნტინში. „ძალიან მიყვარს ჩრდილოეთი კაროლინა და არაფერი მსიამოვნებს ისე, როგორც ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი დასასვენებლად ჩამოდიან თუ აქაურობის აღსადგენად“, — გვიზიარებს მელისა.
ქარიშხლებმა „ჰელენმა“ და „მილტონმა“ 73 000‑ზე მეტი საცხოვრებელი დააზიანა ჩრდილოეთ კაროლინას დასავლეთში.
„რთულია, აღწერო, რას გრძნობს ადამიანი, როცა ყველას ცხოვრება ერთ წამში იცვლება“.
ქარიშხლის შემდეგ მელისა Airbnb.org‑ზე დარეგისტრირდა, რომ დროებითი საცხოვრებელი შეეთავაზებინა მოხალისეთა 24 ჯგუფისთვის და იძულებით გადაადგილებული 13 ოჯახისთვის.
„ერთი ჯგუფია, რომელშიც ყოველდღიურად ვკითხულობ, რომ ეკლესია ან არაკომერციული ორგანიზაცია აპირებს 2000 ადამიანის საკვებით უზრუნველყოფას“, — ამბობს ის და დასძენს: „ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ელექტროენერგია ან სამსახური“.
მელისა და მისი ერთ‑ერთი სტუმარი, ამანდა, დაუმეგობრდნენ ქალაქის მხცოვან მცხოვრებელს, მის ჯოისს
„რამდენიმე ადგილობრივს ვუმასპინძლეთ, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ ან რომლებსაც ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი არ ჰქონდათ“.
ამანდა, მოხალისე ჯეიმსტაუნიდან (ჩრდილოეთი კაროლინა), მელისას მიერ Airbnb‑ზე განთავსებულ საცხოვრებელში ჩამოვიდა ავტომობილით, რომელიც სავსე იყო ბავშვთა ჰიგიენური საფენებით, ჩვილ ბავშვთა საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. ამ ერთმა ჯავშანმა დიდ ოჯახურ საქმეს დაუდო საფუძველი. მოგვიანებით ამანდამ ჩამოიყვანა თავისი შვილები: 13 წლის ეივისი და 10 წლის ბრიგსი. მელისას საცხოვრებელი თანდათანობით სამაშველო ოპერაციების ცენტრად გადაიქცა.
ქარიშხალ „ჰელენის“ შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა, თუმცა ოლდ‑ფორტში ცხოვრება ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ჩვეულ რიტმში. ამის მიუხედავად, მელისა მაქსიმალურად ცდილობს, არ დააკარგვინოს იმედი მეზობლებს: მის მიერ განთავსებულ საცხოვრებლებში დღესაც რჩებიან ისინი, ვინც მელისას საყვარელი ქალაქის აღდგენაშია ჩართული. „რამდენიმე ადგილობრივს ვუმასპინძლეთ, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ ან რომლებსაც ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი არ ჰქონდათ. Starlink‑ის დაკავშირებაც კი მოვახერხეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, ჩვენთან ის მოხალისეებიც რჩებოდნენ, რომლებიც სხვა შტატებიდან ჩამოდიოდნენ“, — გვიზიარებს მელისა.
ამანდას ოჯახი ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში.
აღდგენით სამუშაოებში ბავშვებიც ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ეივისი წერდა გამამხნევებელ წერილებს, რომლებსაც შემდეგ დასარიგებელი საკვების პარკებში დებდა, ხოლო ბრიგსმა, რომელიც ყოველ გამვლელ ავტომობილს ხვდებოდა, „თვის საპატიო თანამშრომლის“ წოდება მოიპოვა შეწირულობათა მიღების ცენტრში. „არასოდეს მინახავს, რამისადმი ასეთი ენთუზიაზმი გამოეჩინა“, — იხსენებს ამანდა და დასძენს: „რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა“.
ყოველდღიურად უამრავი საქმე იყო. „მზის ამოსვლისთანავე ვიღვიძებდით და მაშინვე გავდიოდით ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად. ზოგჯერ საღამოს 9 საათამდეც კი გვიწევდა მუშაობა“, — გვიყვება მელისა.
ამანდას შვილები, ეივისი და ბრიგსი, სასიამოვნოდ აოცებდნენ მის ჯოისს გამამხნევებელი წერილებით.
საყოველთაო ქაოსის მიუხედავად, მელისას სრულიად მოულოდნელად გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი. მაგალითად, როცა ეივისმა უარი განაცხადა წასვლაზე და დაიმალა სახლში, რომ მის მეგობარ მოხუც მეზობელთან, მის ჯოისთან, ახლოს ყოფილიყო, ანდა როცა მას ამანდამ მოუყვა, როგორ გაიღვიძა ბრიტსმა დილის 6 საათზე და იკითხა: „მელისასთან მივდივართ? დღეს რას ვაპირებთ?“.
მელისა მიხვდა, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა, როცა თავის დროზე გადაწყვიტა, ჩამოსული სტუმრებისთვის გაეღო საკუთარი სახლის კარი. „გასაოცარია, რომ სხვა ადგილებიდან ჩამოსული ადამიანები ასე ძლიერ ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას“, — იხსენებს ის და დასძენს: „სულ მოკლე დროში ისინი ჩვენი ოჯახის წევრებივით გახდნენ“.
ქარიშხლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დაზარალებულთათვის საკვებისა და ნივთების ერთობლივმა დარიგებამ საფუძველი დაუდო ნამდვილ მეგობრობას.
მონაწილეობის მიღება
შეუერთდით 60 000‑ზე მეტ მასპინძელს, რომლებიც უკვე ზრუნავენ დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე მათთვის, ვინც კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა.

თითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს
გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.
1 გვერდიდან 1