ჩვენი მისიაა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების საცხოვრებლით, რესურსებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა.
Airbnb-ს პროგრამა Open Homes 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს. Airbnb.org ახალი თავია მის ისტორიაში. ჩვენ ვართ 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც დირექტორთა საბჭო მართავს და კონკრეტული მისია აქვს.

როგორ დავიწყეთ.

2012
ოქტომბერი

მასპინძელმა მოგვაწოდა იდეა

ნიუ-იორკს თავს დაატყდა ისტორიაში ყველაზე სასტიკი ქარიშხალი „სენდი“. შელი, ბრუკლინში მცხოვრები Airbnb მასპინძელი, დაუკავშირდა Airbnb-ს, რომ გაერკვია, შეეძლო თუ არა უფასოდ შეეთავაზებინა საცხოვრებელი ევაკუირებულებისთვის. Airbnb-ს გუნდი საათობით მუშაობდა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლად ექცია, ცოტა ხანში კი 1000-ზე მეტმა მასპინძელმა გაუღო საკუთარი სახლის კარი დროებითი საცხოვრებლის მაძიებლებს.

სამზარეულოში დგას ხვეულთმიანი, ფართოდ მოღიმარი ქალი ღია ფერის წინსაფრით.
ქარიშხალ „სენდისგან“ დაზიანებული სახლების ხედი ზემოდან
2013
ივნისი

Airbnb-ს მეშვეობით მეტ მასპინძელს შეუძლია სხვების დახმარება

Airbnb იწყებს სტიქიური უბედურებების დროს დახმარების პროგრამას, რომელიც მასპინძლებს მთელ მსოფლიოში საშუალებას აძლევს, თავიანთი საცხოვრებლები უფასოდ შესთავაზონ დაზარალებულებს.

2015
აპრილი — მაისი

მთელი მსოფლიოს მასპინძლები საცხოვრებლებს სთავაზობენ სამაშველო სამსახურების მუშაკებს

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ Airbnb საქმეში ერთვება. მასპინძლები ხვდებიან სამაშველო სამსახურების მუშაკების პირველ ჯგუფს, რომელთაც თან ახლავთ მოხალისეები ორგანიზაციიდან All Hands and Hearts.

მაისი — სექტემბერი

Airbnb თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაციებთან მათი დახმარების მიზნით

საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტოსთან (FEMA) ერთად, მასპინძლებსა და სტუმრებს კრიზისისთვის მზადყოფნაში ვეხმარებით. საბერძნეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე Airbnb თანამშრომლობას იწყებს Mercy Corps-სა და საერთაშორისო სამაშველო კომიტეტთან, რომ დაეხმაროს სირიაში ლტოლვილების კრიზისის დროს წინა ხაზზე მებრძოლ სამაშველო სამსახურების მუშაკებს.

ამას გარდა, კლიენტებისა და თანამშრომლების დასაბინავებლად Airbnb-ს გრანტებით სარგებლობას იწყებს 15-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის, Service Year Alliance, Make-a-Wish და Summer Search.

2016
ივნისი

მასპინძელთა გაერთიანება გამოეხმაურა სროლას ღამის კლუბ Pulse-ში

ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, Airbnb‑მ, Uber‑მა და JetBlue‑მ საცხოვრებლით, ავიაბილეთებითა და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყვეს ოჯახები, რომლებიც ახლობლების დაკრძალვაზე თუ საავადმყოფოში მათ მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ. მასპინძელთა გაერთიანებამ მაშინ პირველად შესთავაზა საცხოვრებლები მასობრივი სროლით დაზარალებულ ადამიანებს.

სექტემბერი

თეთრი სახლი კერძო სექტორს მოუწოდებს, ჩაერთოს ლტოლვილთა გლობალური კრიზისის მოგვარების საქმეში. Airbnb მოწოდებას ეხმაურება. Airbnb-ს თანადამფუძნებელი ჯო გებია ერთ-ერთი იყო იმ 20 მენეჯერს შორის, რომლებსაც პრეზიდენტმა ობამამ ლტოლვილთა გლობალური კრიზისის მოგვარებაში ჩართვა სთხოვა.

ნოემბერი

Airbnb-მ თანამშრომლობა დაიწყო Make-a-Wish-თან, რომ 2017 წლის განმავლობაში დღეში ერთი ბენეფიციარი ოჯახის სურვილი შეესრულებინა.

2017
იანვარი

Airbnb საერთაშორისო სამაშველო კომიტეტს მხარდაჭერას სთავაზობს

Airbnb საცხოვრებლით უზრუნველყოფს შვიდი მეტწილად მუსლიმანური ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილებს, რომლებსაც აშშ-ში გაცემული ბრძანების მიხედვით, დროებით უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოშვებაზე. ამას გარდა, 4 წლის განმავლობაში, Airbnb საერთაშორისო სამაშველო კომიტეტისთვის 4 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.

ივნისი

Airbnb ოფიციალურად წარმოგიდგენთ Open Homes-ს

ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს Airbnb-მ გამოაცხადა, რომ Open Homes-ის ფარგლებში ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევას გააორმაგებდა. აღნიშნულმა პროგრამამ მასპინძლებს საშუალება მისცა, უფასოდ შეეთავაზებინათ საცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც სტიქიური უბედურებით დაზარალდნენ ან კონფლიქტს გამოექცნენ.

აგვისტო — სექტემბერი

გაერთიანება დღემდე 20 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა

Open Homes გაერთიანება ერთდროულად 4 სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა. ქარიშხალ „ჰარვის“ მასპინძელთა გაერთიანების მხრიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ რაღაც ერთ თვეში მასპინძლები 3 შტატიდან ევაკუირებულ 2000-ზე მეტ პირს დაეხმარნენ. ამავდროულად, მასპინძლებმა სახლის კარი გაუღეს ადამიანებს, რომლებიც ქარიშხალ „მარიას“, ქარიშხალ „ირმას“ და მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ.

2018
სექტემბერი

Airbnb წარმოგიდგენთ პაციენტებისთვის შეთავაზებული საცხოვრებლების ინიციატივას

Biden Cancer Summit-ზე Airbnb-მ წარმოადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, Hospitality Homes-თან, Fisher House-თან და Make-A-Wish-თან თანამშრომლობით ის პაციენტებს საცხოვრებლებს შესთავაზებს. მისი მეშვეობით Open Homes-ის წევრები უფასოდ შესთავაზებენ საცხოვრებელს მათ, ვისაც მკურნალობის მიზნით შორ მანძილზე გამგზავრება უწევს.

ნოემბერი

მასპინძლები კალიფორნიაში გაჩენილ ორ სხვადასხვა ხანძარს გამოეხმაურნენ

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრების, „კემპისა“ და „ვულსის“, შემდეგ 2500-ზე მეტმა მასპინძელმა გაუღო სახლის კარი დაზარალებულებს და 2300-ზე მეტმა ადამიანმა იპოვა საცხოვრებელი.

2019
მაისი

Airbnb მასპინძლებს Open Homes-ის მხარდასაჭერად თანხის გაღების შესაძლებლობას სთავაზობს

მასპინძლებს სურდათ, Open Homes-ში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, Airbnb წარმოგიდგენთ შემოწირულობების პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მასპინძლებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავლიდან გაიღონ გარკვეული პროცენტი Open Homes-ის პარტნიორი არაკომერციული ორგანიზაციების სასარგებლოდ და ამგვარად შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების დაბინავებაში დაეხმარონ.

2020
იანვარი

მასპინძლებმა ავსტრალიაში გაჩენილი ტყის ხანძრების დროს ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში 1000-ზე მეტ დაზარალებულს შესთავაზეს თავშესაფარი. ეს დღემდე Open Homes-ის ფარგლებში გაწეული ყველაზე დიდი დახმარებაა.

მარტი

მასპინძელთა გაერთიანება გამოეხმაურა COVID-19-ის პანდემიას

Airbnb მასპინძლებს სთავაზობს ახალ საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ COVID-19-თან მებრძოლი მედიკოსებისა და სხვა სპეციალისტების უსაფრთხო საცხოვრებლებით უზრუნველყოფაში.

აპრილი

Airbnb აფართოებს შემოწირულობების პლატფორმას, რომ ყველა მსურველმა შეძლოს თანხის გაღება იმ არაკომერციული ორგანიზაციების სასარგებლოდ, რომლებიც კორონავირუსთან წინა ხაზზე მებრძოლებს საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება.

დეკემბერი

Airbnb წარმოგიდგენთ Airbnb.org-ს

Airbnb აფუძნებს Airbnb.org-ს და აღნიშნავს Open Homes პროგრამის ფარგლებში მასპინძლებისა და პარტნიორების მიერ მიღწეულ წარმატებას. როგორც დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, Airbnb.org მასპინძლებს რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის საცხოვრებლის შეთავაზებასა და რესურსების გაზიარებაში დაეხმარება.

2021
აპრილი

პიროვნული მრავალფეროვნება, თანასწორობა და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულება წინა პლანზე

ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც ყველა თავს შინაურად იგრძნობს, Airbnb.org საჯაროდ აცხადებს პიროვნული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულების ხელშეწყობაზე ზრუნვისთვის მზადყოფნას.

აგვისტო

Airbnb.org ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ავღანელ ლტოლვილებს

Airbnb.org იღებს ვალდებულებას, დროებითი საცხოვრებელი უპოვოს 20 000 ავღანელ ლტოლვილს მსოფლიო მასშტაბით. დაფინანსებას უზრუნველყოფენ როგორც მსხვილი დონორები, ისე Airbnb. Airbnb.org იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას განსახლების სააგენტოებთან და პარტნიორებთან, რომ სათანადო რეაგირება მოახდინოს მუდმივად ცვლად სიტუაციაზე.

დეკემბერი

Airbnb.org‑ის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი — 100 000 ადამიანის დაბინავება

2017 წელს გუნდმა, რომელიც შემდეგ Airbnb.org‑ის ნაწილი გახდა, დაისახა გაბედული მიზანი, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ 100 000 ადამიანს უპოვიდა დროებით საცხოვრებელს. 2021 წლის დეკემბერში Airbnb.org‑მა ამ მიზანს გადააჭარბა.

2022
თებერვალი

20 000 ავღანელი ლტოლვილი უფასო, დროებით საცხოვრებელს იღებს

Airbnb.org 6 თვეში ასრულებს თავის დაპირებას 20 000 ავღანელი ლტოლვილის უფასო, დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იმ მასპინძლების გულუხვობის წყალობით, რომლებმაც საცხოვრებლის უფასოდ ან ფასდაკლებით შეთავაზების სურვილი გამოთქვეს, Airbnb.org დამატებით 1300 ავღანელი ლტოლვილის დაბინავებას ახერხებს.
სექტემბერი

Airbnb.org უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ 100 000 ადამიანს საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანას 6 მილიონზე მეტი ადამიანი ტოვებს. იმავე თვეში Airbnb.org იღებს გადაწყვეტილებას, 100 000 მათგანისთვის იპოვოს დროებითი საცხოვრებელი. ამ საქმეში მას 40‑ზე მეტი ორგანიზაცია შეუერთდა. მსოფლიო მასშტაბით მასპინძლებისა და დონორების მოზღვავებული დახმარების წყალობით, Airbnb.org მიზანს ექვს თვეში აღწევს და ის დღემდე აგრძელებს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაბინავებაზე ზრუნვას.
ლურჯ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც აივანზე დგას ყავის ფინჯნით ხელში, ჰორიზონტს გაჰყურებს.
ლურჯ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი ველოსიპედთან მუხლებზე დგას და ველოსიპედს U‑ს ფორმის საკეტს ხსნის.
2023
თებერვალი

Airbnb.org ეხმაურება თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს

თურქეთსა და სირიაში 7‑ზე მაღალი მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრის შემდეგ Airbnb.org პოულობს უფასო საცხოვრებელს 1600‑ზე მეტი გადარჩენილი ადამიანისთვის. მათ შორის, სამაშველო სამსახურების მუშაკებისა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის, რომლებიც თავად დარჩნენ უსახლკაროდ, და სირიელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ომს დააღწიეს თავი და თურქეთის სამხრეთ ნაწილში დასახლდნენ.
ორი ადამიანი ზის დივანზე და ერთმანეთს ეყრდნობა. მათ უკან ფარდიდან შემოდის მზის სინათლე.
მამაკაცი, ქალი და ბავშვი დივანზე სხედან და ერთად კითხულობენ. ბავშვი ჭამს სტაფილოსფერ ბოსტნეულს და ქალს უყურებს.
ივნისი

Airbnb.org აცხადებს დაფინანსების ახალი ინიციატივის შესახებ

Airbnb.org იწყებს დაფინანსების ინიციატივას 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფონდით იმ ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების მხარდასაჭერად, რომლებიც აშშ‑ში სახლდებიან.
აგვისტო

მაუის ხანძრების შედეგად დაზარალებულმა 1800‑ზე მეტმა ადამიანმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი

ძლიერი ხანძრების მიერ ლაჰაინისა და მაუის ჩრდილოეთ ნაწილის ზოგიერთი რაიონის განადგურების შემდეგ Airbnb.org‑მა დაიწყო თანამშრომლობა ნდობით აღჭურვილ ორგანიზაციებსა და ჰავაის შტატის სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან 1800‑ზე მეტი ადამიანისთვის უფასო დროებითი საცხოვრებლის საპოვნელად.
ხელიხელჩაკიდებული ადამიანები დგანან წრეში პლაჟზე წყალთან.
მოღიმარი ქალი ცეკვავს ჰულას გირლანდების სინათლის ქვეშ. მის უკან მდებარე მაგიდასთან ოჯახი საუზმობს.

გაიცანით დირექტორთა საბჭოს წევრები.

Jennifer Bond

„Airbnb-მ უკვე დაამტკიცა, რომ უცნობ ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. Airbnb.org-ის მიზანია, ამ პოტენციალზე დაყრდნობით, ადამიანების ცხოვრება და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს. ამ პროგრამაში მონაწილეობა დიდი პატივია“.

Joe Gebbia

„შთამაგონებელია, რომ ერთი მასპინძლის შეტყობინებამ საფუძველი დაუდო მოძრაობას, რომელიც ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის შეთავაზების მსურველ 100 000 ადამიანს აერთიანებს. რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

Sharyanne McSwain

„თავს ზემოთ ჭერი ადამიანისთვის ერთ-ერთი უმთავრესია, Airbnb.org-ის გუნდი კი თავისი პროგრამის მეშვეობით საცხოვრებლით უზრუნველყოფს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“.

Catherine Powell

„პარტნიორებსა და მასპინძლებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, Airbnb.org‑ის დადებითი გავლენა მკვეთრად გაიზარდა, ახლახან კი მან უპრეცედენტოდ დიდი წვლილი შეიტანა ადამიანების დახმარების საქმეში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საბჭოს წევრის სტატუსით საშუალება მაქვს, უფრო ინტენსიურად ჩავერთო Airbnb.org‑ის საქმიანობაში“.

Rich Serino

„საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დგება დროებითი საცხოვრებლის საჭიროება სტიქიური უბედურების ან კრიზისული ვითარების შედეგად. სწორედ ამიტომ, Airbnb.org განაგრძობს ადამიანების დახმარებას ამ კუთხით, მათი სიცოცხლე რომ გადაარჩინოს და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს“.

Melissa Thomas-Hunt

„მძიმე ვითარებაში მყოფი ადამიანების დაბინავება ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და სოლიდარული ქმედებაა. მოხარული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა შემიძლია“.

Jocelyn Wyatt

„Airbnb.org-ის ხელმძღვანელებს რომ შევუერთდი, ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების დაბინავებაში“.

ჩვენი მუშაობის პრინციპის შესახებ.

არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

Airbnb.org გრანტებით ეხმარება იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დროებით საცხოვრებელს, რესურსებსა და სპეციალურ დახმარებას სთავაზობს. ამას გარდა, Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლები საცხოვრებელს უფასოდ ან ფასდაკლებით სთავაზობენ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

სამართლიანობაზე ზრუნვა

გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევის და რესურსების მეშვეობით სამყარო უფრო სამართლიანი გახდება. Airbnb.org ინვესტიციას დებს იმ ორგანიზაციებში, რომელთა სტრატეგიები და პროგრამები შეესაბამება საზოგადოებაში სამართლიანობის გავრცელების კუთხით ჩვენს ვალდებულებას.

რა გავლენას ვახდენთ ჩვენ

ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ, როგორ აისახება ჩვენი დაფინანსებისა და დაბინავების პროგრამა სტუმრების ფსიქოსოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების, გაერთიანების გაძლიერებისა და შინაურობის განცდის საქმეზე.

პარტნიორობა და გრანტები

Airbnb.org ამჟამად არ იღებს დაფინანსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მომავალი საგრანტო ციკლის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ შესაბამის არაკომერციულ ორგანიზაციებს გავუზიარებთ.

Airbnb, Inc.-თან თანამშრომლობის შესახებ

Airbnb.org არის დამოუკიდებელი, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი, 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაცია. Airbnb.org უფასოდ იყენებს Airbnb, Inc.-ის ტექნოლოგიას, მომსახურებებსა და სხვა რესურსებს საკუთარი საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად. Airbnb.org არის Airbnb, Inc.-ისგან დამოუკიდებელი და ცალკე მდგომი სუბიექტი Airbnb, Inc. არ ითვალისწინებს მომსახურების გადასახადებს Airbnb.org-ის მეშვეობით გაფორმებული ჯავშნებისთვის.

Open Homes პროგრამა შეიქმნა Airbnb‑ს მიერ, მასპინძლების გულისხმიერების შთაგონებით, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდებათ. Open Homes პროგრამას მალე Airbnb.org გაუძღვება და ის იზრუნებს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც Airbnb.org‑ის საქველმოქმედო მიზნებსა და მისიას შეესაბამება.