შინაურობის განცდა მთელ მსოფლიოში
Airbnb.org‑ის მისიაა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების საცხოვრებლით, რესურსებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა, თუმცა აღნიშნულზე ხელი, სამწუხაროდ, ყველას თანაბრად არ მიუწვდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ პიროვნული მრავალფეროვნების, წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულების, თანაბარუფლებიანობისა და საყოველთაო ადაპტირებულობის პრინციპები ჩვენი პროფესიული ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ.
პიროვნული მრავალფეროვნება, თანაბარუფლებიანობა, წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულება და საყოველთაო ადაპტირებულობა — ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები
2021 წლის აპრილში Airbnb.org‑მა საჯაროდ განაცხადა თავისი მზაობის შესახებ, უფრო ძლიერ დაეცვა პიროვნული მრავალფეროვნების, თანაბარუფლებიანობისა და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულების პრინციპები. ისინი საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას მასპინძლებთან და სტუმრებთან, ჩვენს თანამშრომლობას არაკომერციულ თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენს მუშაობას Airbnb.org‑ის გუნდის შიგნით.
ჩვენი, როგორც ორგანიზაციის, მიზანია:
- საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების იმ წარმომადგენლებთან მუშაობაზე კონცენტრირება, რომელთაც ოდითგანვე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ამა თუ იმ რესურსზე სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური დევნის გამო;
- ზრუნვა იმაზე, რომ Airbnb.org‑ით მოსარგებლე ყველა სტუმარმა ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს და ღირსეულად დაბინავდეს;
- პიროვნულად მრავალფეროვანი და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი გუნდის ჩამოყალიბება (საწყის ეტაპზე იგეგმება, რომ 2025 წლის ბოლოს, აშშ‑ში ჩვენი თანამშრომლების მინიმუმ 33 პროცენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად წარმოდგენილი უმცირესობებით დაკომპლექტდეს).
2022 წელს გადავწყვიტეთ, რომ ზემოაღნიშნულ ძირითად პრინციპებს საყოველთაო ადაპტირებულობაც დავამატოთ, რის განხორციელებასაც 2023 წლის ბოლომდე ვგეგმავთ.
ნაკისრი ვალდებულების შესრულება
პიროვნული მრავალფეროვნების, თანაბარუფლებიანობის, წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულებისა და საყოველთაო ადაპტირებულობის კუთხით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები:
- თანამშრომლობა საზოგადოებრივ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომლებიც თანაბარუფლებიანობის ჩვენეულ პრინციპებს იზიარებენ. კრიზისულ სიტუაციებში ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობაც ორიენტირებულია საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლებზე. მათ შორისაა:
- Each One Teach One, რომელიც ორიენტირებულია იმ შშმ პირებისა და არაუკრაინელების მხარდაჭერაზე, რომლებსაც უკრაინიდან იძულებით გადაადგილება მოუწიათ;
- Black Women for Black Lives, რომელმაც უკრაინაში მყოფ 2000 აფრიკელ სტუდენტს აპოვნინა უფასო დროებითი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ;
- ORAM (Alight‑ის შვილობილი ორგანიზაცია), რომელიც დაეხმარა უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ლგბტქ+ პირებს, ეპოვათ საცხოვრებელი და მიეღოთ მხარდაჭერა როგორც ბერლინში, ისე ევროპის სხვა ქალაქებში.
- პიროვნული მრავალფეროვნებისა და თანაბარუფლებიანობის საკითხებში წამყვან ექსპერტებთან პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის შესაფასებლად და დასახვეწად. ჩვენი მთავარი პარტნიორია ორგანიზაცია We All Count, რომელიც კვლევების წარმოებისას თანაბარუფლებიანობის პრინციპების დაცვის საკითხებზე მუშაობს. მისი დახმარებით Airbnb.org‑მა 2022 წელს განახორციელა საპილოტო პროექტი, რომ უკეთ გარკვეულიყო, რა ხდებოდა რთულ ვითარებაში აღმოჩენილი იმ ადამიანების თავს, რომლებმაც დროებითი საცხოვრებელი Airbnb.org‑ის მეშვეობით იპოვეს. მიღებული მონაცემები ჩვენი საქმიანობის შეფასებისადმი ახლებური მიდგომების შემუშავებაში გვეხმარება.
- თანაბარუფლებიანობაზე დაფუძნებული პროექტული მეთოდების დანერგვა. ტრავმული გამოცდილებების გახმოვანების სურვილი და თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე აგებული მეთოდები გვეხმარება, სტუმრებთან, მასპინძლებსა და პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის შესახებ ამბების თანაავტორები ვიყოთ. ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთი შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანების არჩევანს ენისა თუ ვიზუალური წარმოდგენის კუთხით.
- თანაბარუფლებიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლის ბოლოს, აშშ‑ში ჩვენი თანამშრომლების მინიმუმ 33 პროცენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად წარმოდგენილი უმცირესობებით იყოს დაკომპლექტებული. აღნიშნული ტერმინი მოიცავს მათ, ვინც თავის თავს მიაკუთვნებს შემდეგი რასებიდან/ეთნოსებიდან ერთ‑ერთს ან რამდენიმეს: ამერიკელი ინდიელები ან ალასკის მკვიდრი მოსახლეობა, შავკანიანები ან აფროამერიკელები, ესპანურენოვანები ან ლათინოამერიკელები, ჰავაის ან წყნარი ოკეანის სხვა კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა.
როცა აღნიშნული ვალდებულებები ავიღეთ, ჩვენი საშტატო თანამშრომლების მხოლოდ 19% იყო დაკომპლექტებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად წარმოდგენილი უმცირესობებით. 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 28%‑მდე გაიზარდა. კარგად გვესმის, რომ პიროვნულ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული მიდგომის ეფექტურობა მიიღწევა მხოლოდ ნიჭიერი თანამშრომლების უწყვეტი ძიების, შენარჩუნებისა და სტიმულირების პირობებში. სწორედ ამიტომ, კვლავინდებურად მივაქცევთ ყურადღებას თანაბარუფლებიანობის საკითხს პერსონალთან მუშაობაში.
ჩვენ მიზანია, თანასწორობის პრინციპები ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ და სწორედ ასე დავეხმაროთ კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს, პარალელურად კი შინაურობის განცდაზე დაფუძნებული ჯანსაღი გარემოს შექმნას შევუწყოთ ხელი.